პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო იძიებს, გამოიწვია თუ არა ლეგიონერების დაავადების გავრცელება წყლის სისტემის განზრახ ხელყოფამ, რის შედეგადაც, 7 ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაიას Reuters-ი ავრცელებს.
„ბაქტერია, რომელიც დაავადებას იწვევს, 113 პაციენტში აღმოაჩინეს. ისინი ჰოსპიტალიზებულნი არიან ქალაქ ჟეშოვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ განაცხადეს ჯანდაცვის უწყების წარმომადგელებმა. დაღუპული შვიდი ადამიანი 64-დან 95 წლამდე ასაკის იყო და მათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდათ.
სპეციალური სამსახურის კოორდინატორის მოადგილემ, სტანისლავ ჟარინმა საინფორმაციო სააგენტო PAP-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების სააგენტო იძიებს გავრცელებას, რათა რაიმე მიზანმიმართული ქმდება გამოირიცხოს.
„ეს ასევე მოიცავს რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შესაძლო ჩართულობის გამორიცხვას,“ - განაცხადა ჟარინმა.
პარასკევს, 24 აგვისტოს, კერძო რადიო RMF-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) ოფიცრები ამოწმებდნენ ადგილობრივ წყლის სისტემებს და რომ საბოტაჟზე ეჭვის საფუძველი ჯერჯერობით ვერ იპოვეს.
ჟესზოვის მერმა კონრად ფიჯოლეკმა ხუთშაბათს, 23 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლება წყლის ნიმუშებს ამოწმებს და რომ შედეგები ორშაბათს, 28 აგვისტოს გახდება ცნობილი.
ინფორმაციისთვის, NATO პოლონეთის ქალაქ ჟეშოვთან ახლოს, უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და სარემონტო ცენტრის შექმნას გეგმავს. ცენტრი უკრაინის საზღვრიდან 100 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე განთავსდება.
ქალაქი ჟეშოვი, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანი ცხოვრობს, უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი გახდა. მისი აეროპორტი, რომელსაც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და 1700 ამერიკელი ჯარისკაცი იცავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება.
რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, NATO-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის, პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის პირველი კონტინგენტი გასული წლის თებერვლის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩავიდა.
ცნობისთვის, ლეგიონელოზი იშვიათი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად პნევმონიის მძიმე ფორმით მიმდინარეობს. მისი გამომწვევი ბაქტერიაა ლეგიონელა (Legionella).
ბაქტერია ლეგიონელლა პნეუმოპჰილა მდინარეებში, ტბებში, ნიადაგში ბინადრობს, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო ნელა მრავლდება, წყალმომარაგების ხელოვნურ სისტემებში კი ტემპერატურა, როგორც წესი, მაღალია – საშუალოდ 20-დან 45 გრადუსამდე, რაც იდეალურია ბაქტერიის სწრაფი გამრავლებისთვის. ის შეიძლება, გამრავლდეს შადრევნებში, ცხელი წყლის ავზებში, წყალსადენ მილებში, სარწყავ რეზერვუარებში, ჰაერის დამატენიანებლებში.
რა გზით ვრცელდება: მას შემდეგ, რაც ბაქტერია წყლის სისტემაში მოხვდება და გამრავლდება, ინფიცირებისთვის მისი შემცველი მიკროსკოპული წვეთის შესუნთქვაც კი საკმარისია. შესაძლოა, ადამიანს სასმელი წყალი სასუნთქ გზებში გადასცდეს და ასე დაინფიცირდეს. ასეთი რამ უმეტესად იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც რაიმე მიზეზით ყლაპვა უჭირთ. ლეგიონელოზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაეცემა. სწორედ ამიტომაა დაავადება იშვიათი.
სიმპტომები: ლეგიონერების დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენა, ჩვეულებრივ, ბაქტერიასთან კონტაქტიდან 2-14 დღის შემდეგ იწყება. დროის ამ მონაკვეთს საინკუბაციო პერიოდი ეწოდება. ბაქტერიის ფილტვებში მოხვედრისას სიმპტომები ისეთივეა, როგორიც სხვა ტიპის პნევმონიის დროს: სისუსტე, ცხელება და ხველა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან 75-80% 50 წელს გადაცილებულია, ხოლო 60-70% კაცი. არსებობს მკურნალობის მეთოდები, მაგრამ ლეგიონერების დაავადების ვაქცინა ამჟამად არ არსებობს. ბაქტერია L. pneumophila პირველად 1977 წელს გამოვლინდა.