რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის კატასტროფიდან მეხუთე დღეს განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა.
უწყების ცნობით, ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის ათივე მსხვერპლის ვინაობა დადგენილია და მგზავრთა სიას შეესაბამება.
ამასთან, გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევა.
„ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ-გენეტიკური გამოკვლევა. მათი შედეგების საფუძველზე დადგენილია ათივე გარდაცვლილის ვინაობა, ისინი შეესაბამება ფრენის ფურცელში მითითებულ სიას," - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, 24 აგვისტოს კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.
პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“
„ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.