გარემოს სააგენტო შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ კლდის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესებს ადგილზე აფასებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი შეფასებით, შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე სხვადასხვა შემადგენლობის მასა (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერად ჩამოიშალა.

„ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში. ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები," - ნათქვამია ინფორმაციაში.


თავის მხრივ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, შოთა ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია - წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა.


მისივე თქმით, მუდმივად არის საჭირო დაკვირვება.

„საქმე გვაქვს გამოფიტული მასალის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. სხვა მხრივ საშიშროება არ არსებობს, ანალიზის სფეროს განეკუთვნება. ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. მუდმივად არის საჭირო დაკვირვება. ალბათ, დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება,“ - აღნიშნა შოთა ლობჟანიძემ.


შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილის ჩამოშლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ადამიანები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, წერენ, რომ მომხდარისას არავინ დაშავებულა. ინფორმაცია გაავრცელა საპატრიარქომაც.