ლიეტუვა შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს

ლიეტუვა მხარს უჭერს შუა დერეფნის განვითარებას, განაცხადა ლიეტუვის ელჩმა აზერბაიჯანში, ეგიდიუს ნავიკასმა აზერბაიჯანულ მედიაში ინტერვიუში.
 
ელჩმა აღნიშნა, რომ არსებულ კონტექსტში აზერბაიჯანის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტრანზიტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური სიტუაციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე.

„ლიეტუვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. ვფიქრობ, აზერბაიჯანული კომპანიებიც ფიქრობენ ამ შესაძლებლობებზე, ჩვენ გვაქვს კლაიპედის საზღვაო პორტი, რომელიც გამოიყენება მთელი წლის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, შეიძლება, გამოვიყენოთ მაგალითად ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში - ყაზახეთში, რომელიც ძალიან აქტიურად იყენებს ჩვენს საზღვაო პორტს,“ - განაცხადა ეგიდიუს ნავიკასმა. 
 
ელჩის შეფასებით, ეს ახალი სატრანსპორტო დერეფნები განვითარდება განსხვავებული რეალობის გამო.
 

 
 

ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.

TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.

ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.


ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.