უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა უნგრეთის საინფორმაციო სააგენტო Index-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ უნგრეთი გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ესმის ზელენსკის სურვილის, დაიცვას უკრაინელები.
„ომი წელიწადნახევარია გრძელდება და მე ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტას, რომელიც გამოიწვევს სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას. ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. მე ეს მტკიცე აზრი პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვთქვი, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად,“ - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.
ნოვაკმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მზად იქნება, ჩაერთოს ნებისმიერ პროცესში, რომელიც უკრაინას მშვიდობასთან დააახლოებს და თუ მოლაპარაკებები გაიმართება, უნგრეთი აპირებს მასში მონაწილეობას. ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა და პირისპირ შეხვედრაც გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ნოვაკი კიევში „ყირიმის პლატფორმის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
„გმადლობთ უკრაინაში ვიზიტისთვის, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტში მონაწილეობისთვის. თქვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა უკრაინის პრეზიდენტის ბოლო რეგიონული ვიზიტის მნიშვნელობა ზაკარპატიაში და მისი შეხვედრა უნგრული თემის წარმომადგენლებთან.
ორმა პრეზიდენტმა ზაკარპატიის რეგიონში საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივების საკითხები განიხილეს.
ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას უკრაინის მიმართ, კერძოდ, რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე.
ზელენსკიმ განსაკუთრებით აღნიშნა უნგრეთის დახმარება დაჭრილი უკრაინელი სამხედროების მკურნალობაში და სამხედრო მედიკოსების მომზადებაში. ზელენსკიმ და კატალინ ნოვაკმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხი.
უნგრეთის პოზიცია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიის ფონზე, ღიად პრორუსული პოზიცია დაიკავა. ის ხშირად აკეთებს უკრაინის მაკრიტიკებელ განცხადებებს.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უნგრეთს არ გაუწევია სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. ივლისში ევროკავშირმა გაახანგრძლივა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ უნგრეთის მოთხოვნით, სიიდან სამი პირი გამოირიცხა.
დიპლომატიური ურთიერთობები უნგრეთსა და უკრაინას შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უფრო დაიძაბა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული არაერთი სადავო კომენტარით.
მაგალითად, ივნისში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები უნგრეთში გადაიყვანა უკრაინის ხელისუფლების ჩარევის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებდა, რომ გადაცემა ბუდაპეშტის მოთხოვნით მოხდა და ტყვეებს მოიხსენიებდა, როგორც "ზაკარპატიის წარმოშობის ადამიანებს", რაც მიუთითებს უკრაინის ზაკარპატიის ოლქზე, სადაც 150 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს.