ვატიკანი რუსი ახალგაზრდების მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე უკრაინული მხარის კრიტიკას ეხმაურება.
„რომის პაპი მოუწოდებდა ახალგაზრდებს, შეინარჩუნონ და განავითარონ რუსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები. ეს ნამდვილად არ არის იმპერიალისტური ლოგიკისა და სახელმწიფო მოღვაწეების ქება,“ – განაცხადეს ვატიკანში.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებდა, რომ წმინდა საყდრისგან განმარტებას ელოდა ნებისმიერი მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად.
უკრაინის ეკლესიის შეფასებით, პაპის სიტყვები შესაძლოა, აღქმული იყოს მხარდაჭერად იმ ნაციონალიზმის და იმპერიალიზმის, რომელიც დღეს უკრაინაში ომის მიზეზად იქცა - ომის, რომელსაც უკრაინელი ხალხისთვის ყოველდღე მოაქვს სიკვდილი და ნგრევა, მაშინ, როცა პაპი ფრანცისკე ყოველთვის გმობდა თანამედროვე მსოფლიოში იმპერიალიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და უკიდურესი ნაციონალიზმის საფრთხეებზე მიუთითებდა.
28 აგვისტოს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, მსგავსი გამონათქვამები შთააგონებს აგრესორი ქვეყნის ნეოკოლონიალისტურ ამბიციებს. უკრაინის ეკლესია იმედოვნებდა, რომ პაპის სიტყვები ნათქვამი იყო სპონტანურად, ისტორიული შეფასებების მცდელობის გარეშე და მიზნად არ ისახავდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მხარდაჭერას.
მანამდე, რომის პაპი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ გააკრიტიკა. მისი შეფასებით, კრემლი მსგავსი იმპერიალისტური პროპაგანდით და „დიდი რუსეთის" გადარჩენით ამართლებს ათასობით უკრაინელის მკვლელობას და ასეულობით ქალაქის და სოფლის განადგურებას.
გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებს ონლაინ გამოსვლის დროს უწოდა წმინდანების, მმართველების, პეტრე პირველის და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის" და უდიდესი განათლების, კულტურის და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები და განუცხადა, რომ ამ მემკვიდრეობით წინსვლა უნდა განაგრძონ.
ეს სიტყვები წმინდა საყდრის ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება. რომის პაპის ციტატა „დიდი რუსეთის" შესახებ, მოყვანილია პეტერბურგში გამართული შეხვედრის ამსახველ მასალაში, რომელიც რუსეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის ვებგვერდზე აიტვირთა.