ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას უხეშად არღვევს, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას უხეშად არღვევს.

კობახიძის თქმით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში.

„ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი და გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან, ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა.“


„რაც შეეხება რეაგირებას, ერთი, თეორიული რეაგირების მექანიზმი არის იმპიჩმენტი და რა თქმა უნდა, ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს იმას, რომ აქ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, პირდაპირ ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე, ძალიან მარტივად დადგინდებოდა ეს, თუმცა, თქვენ იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა. მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს მიღებული გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. საზოგადოება მეტ-ნაკლებად, ალბათ, გათვითცნობიერებულია იმაში, თუ ვის შეიძლება ვგულისხმობდეთ ამაში. ეს არის გლობალური ომის პარტია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.