სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდება. პრეზიდენტი ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა პირველ სექტემბერს, ბრიუსელში გაიმართება.

მანამდე, 31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

შტაინამერთან შეხვედრის ამსახველი ფოტო სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.


30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.