ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარე პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინისა და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის განსაზღვრის იდეით გამოდის. ამის შესახებ მან ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ესპანეთის ქალაქ ტოლედოში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბორელის თქმით, ხსენებული გადაწყვეტილება სტიმულს მისცემს ევროკავშირს და კანდიდატ ქვეყნებს, რომ უფრო აქტიურად მოემზადონ გაწევრიანებისთვის.
„უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე დასავლეთ ბალკანეთი და სწრაფად. ვფიქრობ, უკრაინის ომს გვერდითი ეფექტი მოჰყვა - გაფართოების პროცესის დაჩქარება - რაც აშკარად დამსახურებაზე დამყარებული პროცესია: კანდიდატი სახელმწიფო გახდება წევრი, როცა ყველა პირობა შესრულდება. ამავდროულად, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პოლიტიკური მიზნის, ჰორიზონტის დასახვა, რათა პროცესს პოლიტიკური მომენტი მიეცეს. ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ გაფართოებისთვის, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ათი ახალი წევრის მიღება," - განაცხადა ბორელმა, თუმცა არ დააკონკრეტა ქვეყნები, რომლებსაც ამ ათ სახელმწიფოში მოიაზრებდა.
ასეთი ფორმით ბორელი ერთგვარად მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას, რომლის თანახმადაც 2030 წელს ევროკავშირი და კანდიდატი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად.
„გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.
29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში.
ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.
„რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით.
შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.
- უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“
ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი.
სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.