რუსეთი დრონებისა და „ამოუცნობი ობიექტის“ შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყებიან. დღეს, პირველი სექტემბრის დილით, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვში დრონის შეღწევა აღკვეთეს. კეროდ, დრონი მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში მოიგერიეს. სობიანინი ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.


მის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის ამ რაიონში „თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი" გაანადგურეს. ტრადიციულად, რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში 60-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო.


დრონებით შეტევის შედეგად სახლის და ადმინისტრაციული შენობის დაზიანების შესახებ რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტიც იუწყება.

მისი თქმით, „რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვს, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ორი უკრაინული დრონი დაესხა თავს.“

გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმისას დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსი.

კურჩატოვში კურსკის ატომური ელექტროსადგურია განთავსებული. ქალაქი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს.


დღეს დილით, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმაც განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ბელგოროდის რაიონში ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი. გლადკოვის წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.


ასევე გვიან ღამით „ამოუცნობი ობიექტის“ აღმოჩენის შესახებ აცხაებდა ფსკოვის ოლქის გუბერნატორი, მიხაილ ვედერნიკოვი. ტელეგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი მტკიცებით, კრესტის რაიონში ამ ობიექტის „განეიტრალებას“ ასახავდა.

ქალაქ ფსკოვის კრესტის რაიონში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, რომელზეც 30 აგვისტოს შეტევა იყო. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, გასულ ღამით ამ რაიონში რამდენიმე წუთის განმავლობაში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა.

გუშინ, 31 აგვისტოს საღამოს, რუსეთი ბრიანსკის ოლქზე დრონის შეტევის შესახებ იუწყებოდა.


შეგახსენებთ, რუსეთი 29 აგვისტოს გვიან საღამოდან ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე დრონების „მასიური“ შეტევის შესახებ იუწყებოდა.

უკრაინის დაზვერვამ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა.