თოყაევი: შუა დერეფნით სატვირთო გადაზიდვების 5-ჯერ გაზრდა შესაძლებელია, ძალები უნდა გავაერთიანოთ პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან

საშუალოვადიან პერსპექტივაში ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ გადაზიდვების მოცულობა შეიძლება ხუთჯერ გაიზარდოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა  განაცხადა.

„ამისათვის ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები პარტნიორ ქვეყნებთან - ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, თურქეთთან,“ - ნათქვამია თოყაევის განცხადებაში.


მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ბახტის გადასასვლელზე ახალი „მშრალი პორტის“ აშენება, აქტაუში საკონტეინერო ჰაბის მშენებლობის დაჩქარება და შავ ზღვაზე საპორტო ობიექტების გაფართოება შუა დერეფნის გასწვრივ.

„ჩინურ სიანსა და საქართველოს ფოთის პორტში ყაზახური ტერმინალების მშენებლობა უკვე დაწყებულია. ეს არის რეალური მაგალითები იმისა, თუ როგორ არის შერწყმული ჩინეთის „ერთი სარტყელი ერთი გზის მეგაპროექტი ჩვენს ეროვნულ ინიციატივებთან.

სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზება დამოკიდებულია ჩვენს კონსტრუქციულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ყველა მეზობელ ქვეყანასთან, გამონაკლისის გარეშე, მათ შორის რუსეთთან, ჩინეთთან, ჩვენს კარგ მეზობლებთან ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში,“ - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.