ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს ბელარუსში ანტისამთავრობო აქციებზე 186 მომიტინგე დააკავეს.
ამ დღეს ქუჩაში "პენსიონერების მარშზე" მინსკში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. მომიტინგეები გაიძახოდნენ "წადი". ისინი ბელარუსის ისტორიულ დროშებს აფრიალებდნენ.12 ოქტომბერს ბელარუსის პოლიციამ აქციების დასაშლელად, საჭიროების შემთხვევაში, საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიიღო.
უწყებამ დაადასტურა, ბოლო აქციების დაშლის დროს სასიგნალო პისტოლეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ამ დრომდე ბელარუსში აქციების დასაშლელად საბრძოლო იარაღის გამოყენების შემთხვევები არ აღნიშნულა. საპროტესტო დემონსტრაციების დასაშლელად პოლიცია წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, ხმოვან ყუმბარებსა და ხელკეტებს იყენებდა. აქციების დაშლის დროს, უფლებადამცველების ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი ადამიანი.
საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.