ბორელი ღარიბაშვილს: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი რისკია, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის სამი გზავნილი წარმოადგინა, რომლითაც მისი თქმით, საქართელოში ჩამოვიდა.


„რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს, ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს პოტენციალი წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ ძლიერი ადმინისტრაცია გაქვთ, ცოცხალი სამოქალაქო სექტორი გყავთ და გჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში,“ - აღნიშნა ბორელმა.

საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი თემაა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციას და ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს იცავს და იმპიჩმენტის პროცედურაც ამიტომ დაიწყო.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის წმინდად სამართლებრივი საკითხი. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას, ევროპული სტილის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც, უპირველესად, იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას. ვინ თუ არა პრეზიდენტი, პრემიერი, ზოგადად ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციის დაცვის და პატივისცემის. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის წმინდად სამართლებრივი თემა, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ. განვმარტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს, რომ იმპიჩმენტი მოხდეს, ვცემთ რა პატივს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, ჩვენ ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციის პროცესთან,“ - განაცხადა პრემიერმა.


ამავე პრსკონფერენციაზე ბორელმა განაცხადა: „საქართველოში ვიზიტის პროცესში, თქვენთან, ქართველ ხალხთან სამი ძირითადი გზავნილი მაქვს. პირველი არის ის, რომ ნამდვილად, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არამხოლოდ რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში. უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში.

ბატონო პრემიერო, თქვენ ნამდვილად ბრძანეთ და გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან. უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და უმცირესობას უნდა ჰქონდეს თანამშრომლური სულისკვეთება. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა.


რაც შეეხება მთავრობასა და მმართველ პარტიას. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ შემცირდეს პოლიტიკური დაძაბულობა, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იყოს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან ევროპეიზაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე, შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენს დასკვნაში. ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დანარჩენი ცხრა პროცესშია, შესასრულებელია. თუმცა, დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად.


პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი.


ჩემი გამოცდილებით, მინდა, გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად არამხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება, ქვეყანამ აიღოს. მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს. ყველაზე ძლიერი ტრანსფორმაციული ძალაა.

მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნეს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი.

ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის, ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში, იყოს თავისუფალი ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში,“ – განაცხადა ბორელმა.
 
ბორელის მესამე გზავნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ეხებოდა.