რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნების მიმართ აზერბაიჯანის უარყოფითი პოზიცია გააპროტესტა.
როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები წერენ, ვლადივოსტოკში, „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში დღეს, 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანს დიპლომატიური დემარში გამოუცხადეს, რადგან ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის „ახალ რეგიონებში ჩატარებული არჩევნების“ შესახებ, ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობებს არ შეესაბამება.
ზახაროვას განცხადებით, ბაქო რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს უნდა ეპყრობოდეს ისეთივე პატივისცემით, როგორსაც რუსეთისგან ელოდება, როცა საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე.
კრემლმა ე.წ. რეგიონული პარლამენტის არჩევნები უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც ჩაატარა. ეს ტერიტორიად მოსკოვმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი დღემდე ვერცერთ მათგანს სრულად ვერ აკონტროლებს. უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპირებული რაიონების დასაბრუნებლად კონტრშეტევას აწარმოებენ.
9 სექტემბერს აზერბაიჯანული მედიასაშუალებებით გავრცელდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა მხარს უჭერენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ბაქო ლეგიტიმურად მიიჩნევს უკრაინის კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებს და ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული პრინციპული პოზიციაა, ამიტომ, ნებისმიერ არჩევნებს, რომელიც ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამება, იურიდიული ძალა არ აქვს.
შეგახსებთ, უფრო ადრე მოსკოვის პროტესტი სომხეთის ნაბიჯებს მოჰყვა.