მოსკოვის მიერ სომხეთის ელჩის დაბარების ფონზე, ერევანმა და ვაშინგტონმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. სწავლებას სომხეთი მასპინძლობს. 

„საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში სომხეთ-აშშ ერთობლივი წვრთნები „EAGLE PARTNER 2023“ 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთში გაიმართება,“ - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 6 სექტემბერს გავრცელდა.


წვრთნების დაანონსების შემდეგ, მოსკოვმა სომხეთის ელჩი დაიბარა. მას საპროტესტო ნოტა გადასცეს, რაც რუსეთის განცხადებით, „ერევნის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯებს უკავშირდება.“

რუსული მედიის თანახმად, სამინისტროში აღნიშნეს, რომ საუბარია რესპუბლიკაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყებაზე, პრემიერ - მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ვიზიტზე და კიევში ჰუმანიტარული დახმარების გადაცემაზე, ასევე, ქვეყანაში სამხედრო წვრთნებზე შეერთებული შტატების მონაწილეობით.


გარდა ამისა, ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას და მთლიანად, სამინისტროს მიმართ „შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გამო. ასევე, სამინისტროში შეშფოთება გამოთქვეს ბლოგერის, მიქაელ ბადალიანის და „Sputnik სომხეთის“ მიმომხილველის აშოტ გევორკიანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავების გამო.


სააგენტო Reuters-ი თავის სტატიაში ხაზს უსვამს, რომ რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში და საკუთარ თავს განიხილავს, როგორც გამორჩეულ ძალას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.


ნოტის გადაცემამდე სომხეთსა და აშშ-ს ძალებს შორის მიმდინარე წვრთნებს კრემლის შეშფოთება მოჰყვა.

კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ „წვრთნები ზიანს აყენებს სტაბილურობას არასტაბილურ რეგიონში.“

„ეჭვგარეშეა, რომ ამ ტიპის წვრთნების ჩატარება არ უწყობს ხელს სიტუაციის სტაბილიზაციას ან რეგიონში ურთიერთნდობის ატმოსფეროს გაძლიერებას“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მან განაცხადა, რომ „რუსეთი აგრძელებს უსაფრთხოების გარანტორის როლის შესრულებას.“


შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.

5 სექტემბერს სომხეთმა რუსეთის დომინირებით მოქმედი ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ ბიაგოვი გაიწვია.


უფრო ადრე ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს.

ასევე აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა.