კახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში, სულ მცირე, 30-მდე სოფელში სტიქიის შედეგებს ითვლიან. 17 სექტემბრის საღამოს მოსულმა სეტყვამ ყველაზე მეტად ყვარლის სოფლები გრემი, ენისელი, ალმატი და საბუე დააზარალა. რადიო თავისუფლების ცნობით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსავლის თითქმის 100 პროცენტი განადგურებულია. სოფელ გრემში, რომელიც ქინძმარაულის ზონად ითვლება, ათეულობით მევენახეს ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდა.
ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდათ ენისელში, ალმატსა და საბუეშიც. სტიქიამ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიც დაუზიანა - გადახდილია სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროტექნიკა. როგორც სოფელ საბუეში ამბობენ, მსგავსი სტიქია არ ახსოვთ.
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზარალა თელავისა და ლაგოდეხის სოფლებიც. დაზიანებულია ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა ერთწლიანი კულტურები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაიხოცა შინაური ფრინველი. ბოლო ორ კვირაში სტიქიამ კახეთი მესამედ დააზარალა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მოსახლეობას მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზიანს უნაზღაურებენ.