სოჭში, აეროპორტთან ახლოს დიზელის ავზი იწვის

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ სოჭის ადლერის რაიონში დიზელის საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა.

„სოჭის ადლერის რაიონში დიზელის საწვავის ავზს გაუჩნდა ხანძარი. ხანძრის ფართობი 96 კვადრატული მეტრია. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, მომხდარის მიზეზები ზუსტდება“, - აცხადებს გუბერნატორი.


ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად ევაკუაცია არ განხორციელებულა. ამასთან, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

რუსულმა მედიამ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოჭში ნავთობბაზასა და აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა. მომხდარის გამო აეროპორტს ფუნქციონირება არ შეუწყვიტავს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.