ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს. მან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელსა და გვარს, სებ-ის გადაწყვეტილება არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს
თურნავამ ასევე განმარტა, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე წვდომა.
„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს. იმიტომ, რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობოთ. მე ჩემი დღევანდელო ბრიფინგი დავიწყე სწორედ იგივე წინადადებით და ინფორმაციით, რომ ვვენ ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. საერთაშორისო სანქციების აღსრულება ეს არის გაცილებით უფრო ფართო პროცესი, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობებით დაზუსტებული, რისი საკამოდ ფართო პრაქტიკა არსებობს როგორც ევროკავშირში, ისე აშშ-ში.
სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს, ზოგადად ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თუ როგორ მოხდეს ახალი დაზუსტების იმპლემენტაცია იმდაგვარად, რომ ეს შესაბამისობაში იყოს მათ და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან,“ - განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.