პაპილომავირუსზე უფასო ვაქცინაცია შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და კაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და კაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.


  • 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.
  • 15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
  • 15-დან 26 წლამდე ბიჭებისა და კაცებისთვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
  • ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის ხორციელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც რეგისტრირებულია და გაწეული მომსახურება (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
  • 13-45 წლის ასაკის ქალბატონებისა და 13-26 წლის კაცებისათვის გაწეული ვაქცინაციის მომსახურება (აცრა-ვიზიტისა და ექიმის მომსახურება) ტარდება აპვ ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.


NCDC-ის თანახმად, ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას - კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

  • დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ: http://bitly.ws/Pq56