ნათია თურნავა: კომერციულმა ბანკებმა დაადასტურეს, რომ საერთაშორისო სანქციების ერთგულნი არიან, ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „საქართველო იყო, არის და რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული, საუბარია, როგორ დავხვეწოთ აღსრულება ისე, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მომავალში."

ამ თემაზე თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.


„გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს კომერციული ბანკების განცხადება, რომელიც მათ სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთეს, რომ ისინი იმოქმედებდნენ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად და იყო თუ არა ეს მათი დაუმორჩილებლობა მარეგულირებლის მიმართ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მათ შორის კონფლიქტი არ არსებობს, მათი პოზიცია ერთია და არ შეიძლება, განსხვავებული იყოს.


„ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება მათი მხრიდან. სწორედ იმიტომ, რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა, აუცილებლობა გაჩნდა, მათ საჯაროდ კიდევ დაედასტურებინათ, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების ერთგულნი არიან,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავა ბანკების განცხადების შემდეგ, 20 სექტემბერს ამბობდა, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს.


ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“


საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.

ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა.