ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

25-26 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, კერძოდ, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში.


ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.


შეგახსენებთ, ილია დარჩიაშვილის გამგზავრებამდე, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.


ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.

  • უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი.

სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.