ფაუჩი, ტრამპს, რეკლამაში, მისი სიტყვების კონტექსტიდან ამოღებულად გამოყენებაში ადანაშაულებს

ექიმმა ანტონი ფაუჩიმ, შეერთებულ შტატებში ინფექციური დაავადებების ერთ-ერთმა უმთავრესმა ექსპერტმა, ტელეკომპანია „სი-ენ-ენ-თან“ ინტერვიუში კვირას განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიამ მისი კომენტარები კონტექსტიდან ამოიღო და ისე გამოიყენა საარჩევნო რეკლამებში.

ფაუჩის თქმით, შაბათს გამოსული სარეკლამო კლიპი მისი თანხმობის გარეშე შეიქმნა.

„მე თითქმის ხუთი ათწლეულია საჯარო სამსახურში ვარ. საჯაროდ არასოდეს გამომიხატავს არცერთი პოლიტიკური კანდიდატის მხარდაჭერა. ჩემი კომენტარები, რომლებიც რესპუბლიკურმა პარტიამ საკუთარ სარეკლამო კამპანიაში გამოიყენა, კონტექსტიდანაა ამოღებული ზოგადი განცხადებიდან, რომელიც მე თვეების წინ გავაკეთე ფედერალური საჯარო ჯანდაცვის ოფიციალური პირების შესახებ,“ უთხრა ფაუჩიმ „სი-ენ-ენ-ს.“

30 წამიან სარეკლამო რგოლში, სადაც ფაუჩის დამონტაჟებული კომენტარია გამოყენებული, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს - „ვერ წარმომიდგენია... ვინმეს უფრო მეტის გაკეთება შეეძლოს.“ ეს კომენტარის კადრს მიღმა ტექსტს მოსდევს, სადაც გამხმოვანებელი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობს.

ფაუჩის კომენტარი ამოღებულია მარტში ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუდან. მისი სრული ციტატა ასეთია:

„მე თითქმის მთელ დროს ამას ვუთმობ. თითქმის ყოველ დღე თეთრ სახლში ვარ სამუშაო ჯგუფთან. ყოველ დღე. ასე რომ, ვერანაირ გარემოებაში ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს უფრო მეტის გაკეთება შეეძლოს.“

ტრამპის კამპანიის კომუნიკაციების დირექტორმა ტიმ მურტომ „სი-ენ-ენს“ უთხრა, რომ „ეს ექიმი ფაუჩის სიტყვებია. ვიდეო ამოღებულია ქვეყნის მაშტაბით ეთერში გასული ინტერვიუდან, სადაც ექიმი ფაუჩი ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობას აქებდა. ეს სიტყვები არის ზუსტი და ისინი პირდაპირ ექიმი ფაუჩის პირიდან მოდის.“

ფაუჩის განცხადებას პრეზიდენტი ტრამპიც გამოეხმაურა "ტვიტერზე" და თქვა, რომ ეს ფაუჩის სიტყვებია.

დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ბაიდენი პრეზიდენტ ტრამპის მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს და ეფექტურობას აკრიტიკებს.