ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის მიწოდება გაზარდოს დრუჟბას ნავთობსადენით, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, რომელიც გერმანიაში ვიზიტით იმყოფება.
მან აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან ამ მილსადენით გერმანიას 500 000 ტონა ნავთობი მიეწოდება.
„ჩვენი გერმანელი მეგობრების თხოვნით, დადასტურდა ჩვენი მზადყოფნა, გავზარდოთ ნავთობის მიწოდების მოცულობა და გავხადოთ ის გრძელვადიანი,” - აღნიშნა თოყაევმა.
ყაზახეთის ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ თოყაევმა მოლაპარაკებები ფედერალურ კანცლერ, ოლაფ შოლცთან პირისპირ გამართა.
„მოლაპარაკებების დროს მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარება და დაადასტურეს ორმხრივი სურვილი ყაზახეთ-გერმანიის ურთიერთობების შემდგომი ყოვლისმომცველი გაძლიერების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ორი ქვეყნის ლიდერებმა დაადგინეს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის შეთანხმდნენ ურთიერთქმედების გააქტიურებაზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, მწვანე ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ამ ფონზე ევროკავშირის ქვეყნები ენერგეტიკის სფეროში ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ.