ირლანდიის სენატის თავმჯდომარე: ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს

ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს, – ამის შესახებ ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ, ჯერი ბუტიმერიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კარგი დისკუსია ჰქონდათ რიგ საკითხებზე, განსაკუთრებით, ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით.

„როგორც ირლანდიის პარლამენტის წევრი ვაღიარებ იმ სარგებელს, რომელიც ევროკავშირში წევრობამ მოგვიტანა მას შემდეგ, რაც 50 წლის წინ ევროკავშირში შევედით. ღარიბი ქვეყნიდან ჩვენ ვიქეცით მდიდარ ქვეყნად. ევროკავშირი წევრობის სარგებელი თვალსაჩინოა. ირლანდია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განაცხადს. ჩვენი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს.


ევროკავშირმა თავისი შეფასებებში, ანალიზში, თუ რა ეტაპზეა საქართველო წევრობის გზაზე, ჩამოაყალიბა კრიტერიუმები და 12 პრიორიტეტი. ისინი დროულად უნდა შესრულდეს. ვფიქრობ, საპარლამენტო ჯგუფის თვალსაზრისით, ირლანდიის მეგობრობის ჯგუფს საქართველოსთან აქვს კარგი სამუშაო ურთიერთობები და ურთიერთგაგება წევრობამდე გზასთან დაკავშირებით. ჩვენ, ყველა ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან“, - განაცხადა ჯერი ბუტიმერიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.

  • უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი.

სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.