რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ მის მიერ გაზის მოპოვება 25%-ით შემცირდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს. ომამდელ პერიოდთან შედარებით, მოცულობა თითქმის მესამედით არის შემცირებული - 2021 წლის იანვარ-ივნისში გაზპრომმა 260.8 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის გაზი აწარმოა.
ერთმანთთან შედარებაშია მოყვანილი 2023 წლის პირველი ნახევარი და 2022 წლის პირველი ნახევარი. „გაზპრომმა“ გაზის წარმოების ვარდნაში „რიგი ქვეყნების მიერ „პოლიტიკურად მოტივირებული“ გადაწყვეტილებების მიღება“ დაადანაშაულა. რეალურად კი, ამ გადაწყვეტილების მოტივი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმაა.
კომპანიამ აღნიშნა, რომ გაზის მოხმარებაზე გავლენას ახდენს არასასეზონო თბილი ამინდი, ასევე „ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორები“. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, „გაზპრომმა“ წარმოება 16%-ით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი (1992 წლიდან 1998 წლამდე), მხოლოდ 12%-ით შეამცირა. Bloomberg-ის შეფასებით, წლიურად წარმოებული დაახლოებით, 90 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მყიდველის გარეშე დარჩება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა მიზნად დაისახა, თავი დაეღწია რუსულ გაზზე, ისევე როგორც სხვა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან.