სლოვაკეთი მოსკოვს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. ბრალდება ეხება რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსის მიერ „განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებას“ სლოვაკეთის არჩევნებთან დაკავშირებით, წერს Lemonde.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრატისლავაში დაიბარა რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირი და მოუწოდა მოსკოვს, „შეწყვიტოს დეზინფორმაციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია სლოვაკეთის წინააღმდეგ.“
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია არის რუსეთის ფედერაციის მიერ სლოვაკეთის რესპუბლიკის საარჩევნო პროცესში დაუშვებელი ჩარევა,“ - ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო „კატეგორიულად აპროტესტებს რუსული დაზვერვის ცრუ განცხადებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სლოვაკეთში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მთლიანობას.“
მოსკოვმა უარყო სლოვაკეთის მთავრობის ბრალდებები. „სლოვაკეთის ზოგიერთი ამჟამინდელი მოკავშირისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და არ ვმონაწილეობთ რეჟიმის შეცვლაში,“ - აცხადებენ ბრატისლავაში რუსეთის საელჩოში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „მჭიდრო კავშირშია სლოვაკეთ კოლეგებთან". „აშშ არ იკავებს რომელიმე მხარეს საგარეო არჩევნებში,“ განაცხადა მილერმა და აღნიშნა, რომ აშშ „განაგრძობს მუშაობას სლოვაკეთის მიერ არჩეულ მთავრობასთან ერთად.“
რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა „როგრესულ სლოვაკეთს“ „აშშ-ის მარიონეტები" უწოდა და განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „გაზარდა ჩარევა სლოვაკეთის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაში."
პრორუსულმა პარტიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიკო ხელმძღვანელობს, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
„სლოვაკი სოციალ-დემოკრატების“ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 24% მოიპოვა, პარტია „პროგრესულმა სლოვაკეთმა“ დაახლოებით 17% მიიღო, პროევროპულმა პარტიამ "ხმამ" კი, 15 %.