სარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც 14 სექტემბერს მიიღო, დასკვნას არ მოამზადებს. მისივე განმარტებით, ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიისგან მიღებულ პასუხში.
„ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიაში ევროპული კომისიის რჩევით და თხოვნით გავგზავნეთ. ვამბობდით კიდევაც, რომ ცოტა უცნაური იყო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისთვის დასკვნა გვეთხოვა. ასეც მოხდა - პასუხად ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, რომ ვინაიდან ეს სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი არ არის, საკითხზე დასკვნის მომზადებას ისინი ვერ შეძლებენ.
იგივე თხოვნა იყო მოლდოვის მიმართაც, რომელთაც ასევე ვენეციის კომისიაში გააგზავნეს გეგმა. დუბლინში კომუნიკაცია მქონდა კოლეგებთან, მათ შორის მოლდოველ კოლეგებთან და, როგორც ჩანს, იქაც ვენეციის კომისიის დასკვნა სამოქმედო გეგმაზე არ იქნება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა 2 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ, მითითებულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა.
19 სექტემბერს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო. მანამდე ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აღნიშნული კანონპროექტი არ მიეღო და ამის მიზეზად კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლო საფრთხე დაასახელა.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.
უფრო დეტალურად რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.