დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პერსპექტივა, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი. მან ყურადღება გამაახვილა რამდენიმე სატრანსპორტო  პროექტზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე. დავითაშვილის თქმით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპისთვის შეირჩა 2 პრეტენდენტი.


ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მათ მიეცათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად  რამდენიმეთვიანი ვადა, წარმოდგენილ წინადადებათა შეფასების შედეგად კი, კომისია გამარჯვებულს გამოავლენს.

ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2023 წლის თებერვლიდან გამოცხადდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტისთვის კერძო პარტნიორის/ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით განავითარებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას.

სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს.

დაწყებულია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირების პროცესი, ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც გაზრდის უსაფრთხოების დონეს, დარგის ეფექტიანობასა და კონკურენტუნარიანობას.


ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებად რკინიგზა და მისი მოდერნიზაცია დაასახელა. მისი თქმით, დაიწყო სარკინიგზო დარგის რეფორმა, რომლის შედეგადაც დაინერგება სარკინიგზო სისტემის ევროპული მოდელი - გაიზრდება უსაფრთხოება, გაიზრდება დარგის ეფექტიანობა და კონკურენტუნარიანობა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი - შედეგად საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.

„რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2024 წელს დასრულდება, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. 2023 წლის წლის მაისში, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO) 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციას (MLC 2006).

მიღებულია ამ კონვენციის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა - საქართველოს კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში. აღნიშნულ კონვენციასთან მიერთება და მიღებული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის მეზღვაურთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის ხარისხს.“