აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტის გამოვლენის საკითხს. უწყებაში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება, თუმცა ხაზს უსვამენ აქტოვობების კანონის უზენაესობის შესაბამისად წარმართვის მნიშვნელობას.


„შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ აქტივობების გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად და სანდო კომპანიებთან (vendors) ერთად განხორცილების მნიშვნელობას.

შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძლიერი მხარდამჭერია, რადგან ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი.

მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებს განაცხადი არ წარუდგენიათ.


ცნობისთვის, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, ელჩის კომენტარის დონეზე 6 სექტემბერს დააფიქსირა.

ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს.


რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან.

„საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს.


„ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings).

საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.


შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ანაკლიის პორტის საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს.

ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.


ამავე თემაზე გაეცანით: