ჩინეთიდან ევროპაში შუა დერეფნის გავლით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 84%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ჩინეთიდან ევროპაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (შუა დერეფანი) გადაზიდული ტვირთის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%-ით გაიზარდა, განაცხადა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა ასტანაში მიმდინარე ფორუმზე.

მისი თქმით, ამ მარშრუტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან კოორდინირებული მუშაობა.

შუა დერეფანი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით. მოგვიანებით პროექტს უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი შეუერთდნენ. ამჟამად დერეფანი გადაჭიმულია ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ევროპისკენ, გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე. მთელ მარშრუტზე შემუშავებულია საყოველთაოდ შეთანხმებული ტარიფი, გამოიყენება „ერთი ფანჯრის“ პრინციპი.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.

TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.


ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.

ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.