რა დასკვნა აქვს ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშებს აქვეყნებს, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გეგმებზე წერს.

5 ოქტომბრის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ააშენებს მუდმივ საზღვაო ბაზას აფხაზეთში, მაგრამ ის, სავარაუდოდ, მცირე (მასშტაბის, რედ.) დარჩება. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზეთის „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთის ხელისუფლებასთან, რომელიც მუდმივი რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობას გულისხმობს ოკუპირებულ ოჩამჩირესთან, აფხაზეთში. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე,“ - წერს ISW.


ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტს შეზღუდული ინფრასტრუქტურა აქვს, ქვიშიანი სანაპირო ზოლი „დიდწილად არახელსაყრელია სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის,“ თუმცა "რუსეთისთვის შესაძლებელია ინფრასტრუქტურის გაფართოება და ოჩამჩირის პორტის დამატებით ბაზად გამოყენება სამომავლოდ.“

ცნობისთვის, BBC-მ დღეს სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 17 რუსული ხომალდი გადავიდა სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში. ოჩამჩირის პორტი ნოვოროსიისკიდან 500 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.


შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა.

„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს.


დღეს, 6 ოქტომბერს ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს.

„ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით.

რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ.


თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.