აშშ-მ რუსეთისთვის მიკროჩიპების მიწოდების გამო, 42 ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა

ამერიკის მთავრობამ სანქციები დაუწესა ჩინეთის 42 კომპანიას, რომლებიც რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას მიკროჩიპებს აწვდიდნენ, იუწყება Reuters-ი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით.


აშშ-ის ხელისუფლება განმარტავს, რომ საუბარია „ამერიკული წარმოშობის“ მიკროელექტრონული საშუალებების მიწოდებაზე, რომელსაც რუსეთი რაკეტებისა და თვითმფრინავების მართვის სისტემებში იყენებს, უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებისთვის.


სანქციები ასევე დაწესებულია შვიდი კომპანიის წინააღმდეგ ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

„სანქციების სიის დღევანდელი გაფართოება მკაფიო სიგნალს აგზავნის: თუ თქვენ მიაწვდით ამერიკულ ტექნოლოგიას რუსეთის თავდაცვის სექტორს, ჩვენ ამის შესახებ გვეცოდინება და ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ, მეთიუ აქსელროდმა.