სენატორი კარდინი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნის გეგმაზე: ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას აფიქსირებს.

„ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის აშენების შესახებ რუსეთის გეგმები საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა. ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას და მზად ვართ, საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელ რეფორმებში,“ - წერს ბენ კარდინი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).


შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა.

„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს.


ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს.

„ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით.

რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ.


თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.