რთული დილის მიუხედავად, ისრაელმა იცის, როგორ დაიცვას თავი - საქართველოში ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ზომებს იღებს, რთული დილის მიუხედავად, ისრაელმა იცის, როგორ დაიცვას თავი, როგორ დაუბრუნოს უსაფრთხოება მის მოქალაქეებს.

ელჩის თქმით, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“, რომელიც დომინირებს ღაზაში, წამოიწყო მასშტაბური თავდასხმა ყოველგვარი კონტექსტის გარეშე და სარაკეტო თავდასხმების პარალელურად, ათობით ტერორისტი შევიდა ღაზადან ისრაელში.


მისივე თქმით, ახლა მთელი ყურადღება გადატანილია არსებული კრიზისის გამკლავებაზე, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

„დღეს ძალიან მძიმე ვითარებაში გავიღვიძეთ ისრაელში. შაბათს, დილის 06:00 საათზე, როდესაც ებრაულ დღესასწაულს აღვნიშნავთ, ისრაელის მოქალაქეებმა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის ფონზე გაიღვიძეს. ახლა, როდესაც ვსაუბრობ, თავდასხმამ ისრაელის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილი მოიცვა, თელ-ავივი, იერუსალიმი, ბერშევა, ყველა მსხვილი ქალაქი იბომბება და თავს ესხმიან. ეს ამ წუთებშიც გრძელდება. ისრაელის ცენტრში მდებარე ჩემი მშობლიური ქალაქი პირველი ორი საათის განმავლობაში ოთხივე მხრიდან იბომბებოდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, მაგრამ ჩემი მშობლები, ოჯახი, მილიონობით სხვა მოქალაქესთან ერთად თავშესაფარშია და ამ ყველაფრის დასრულებას ელოდებიან,“ – განაცხადა მეიცადმა.


როგორც ელჩმა აღნიშნა „ჰამასი“ არეულობას ქმნის დასახლებებში ებრაული ოჯახების დახოცვის მიზნით და ათასობით ოჯახი თავშესაფარს ეძებს.“

„მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აღვნიშნო, ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხი ისრაელის მტერი არ არის. სამწუხაროდ, „ჰამასი“, რომელიც უკვე მრავალი წელია, აკონტროლებს ღაზას, ისრაელზე განხორციელებულ ყველა თავდასხმის უკან დგას. ის ცნობილია ასეთი დანაშაულების ჩადენით. თავს ესხმის ისრაელის მოქალაქეებს და იმალებიან მშვიდობიანი მოქალაქეების ზურგს უკან. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს თანამშრომლობა „ჰამასსა“ და ირანს შორის, რომ ირანი ცდილობს, თავს დაესხას ისრაელს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განახორციელოს თავდასხმები ისრაელის ობიექტებზე, როგორც ეს სამწუხაროდ, ადრე საქართველოში ვიხილეთ. დილიდან ვიღებ სოლიდარობის უამრავ შეტყობინებას მეგობრებისგან, მაღალჩინოსნებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სოლიდარობის ასეთი მასშტაბური გამოხატვა ქართველი ხალხისგან,“ – აღნიშნა ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.