აშშ-ის ახალი ელჩის ოთხი პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია

მიმდინარე წლის მარტში, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე რობინ დანიგენს მოუსმინეს. მაშინ ის საქართველოში აშშ-ის ელჩობისთვის ემზადებოდა და იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რომლებზეც მისი ვადის განმავლობაში კონცეტრირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მეოთხე პრიორიტეტი საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას ეხება. მან ორმხრივი ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაძლიერების პირობა დადო.


„დამტკიცების შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ ოთხ პრიორიტეტზე.
  • უპირველეს ყოვლისა, ჩემი უმაღლესი მოვალეობა იქნება აშშ-ის საელჩოში მომუშავე გუნდის და საქართველოში ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბოლო 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, რათა დავხმარებოდით ჩვენი საელჩოს გუნდის დაცვას კიევში ძალიან რთულ გარემოში, ვიცი, რომ ეს პასუხისმგებლობა წმინდაა.

  • მეორე - მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათ, რეალობად აქციონ თავიანთი სურვილი ევროკავშირთან, NATO-სთან და დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციისა და მათი დემოკრატიული მომავლის გაღრმავების კუთხით. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არამხოლოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, ღრმად მჯერა, რომ ეს არის აშშ-ის ინტერესშიც. ჩვენ გვსურს დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული, დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი საზღვრები და გაუძლოს რუსეთის მავნე აქტივობებს, მათ შორის რუსული დეზინფორმაციის ზეწოლას. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი მოვლენა ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ევროკავშირმა საქართველოს მიაწოდა რეფორმების საგზაო რუკა, რომელიც მან უნდა დაასრულოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით. მე მოუთმენლად ველი საქართველოს მხარდაჭერას ამ რეფორმების განხორციელებისას.

  • მესამე, გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის, ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ინვესტიციებისთვის. მე ენერგიულად შევუწყობ ხელს აშშ-ის ექსპორტს და წავახალისებ რეფორმებს სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს გასაძლიერებლად. მე ასევე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყო პოტენციური ეკონომიკური იძულების პრაქტიკისგან დაცვას, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან ეს რუსული სახელმძღვანელოდანაა, რადგან 2008 წელს ნახეს, რომ ეს მოხდა მათ ქვეყანაში და ამას ყოველდღიურად განიცდიან, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული.

  • ჩემი მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მე ვიღებ ვალდებულებას, ვიმუშაო საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად.

ჩვენმა პარტნიორობამ ბოლო 30 წლის განმავლობაში სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს, ისე შეერთებული შტატების მოსახლეობას. საქართველო იყო NATO-ს მტკიცე პარტნიორი მშვიდობისთვის და ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში,“ - განაცხადა დანიგენმა.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი 14 თებერვალს წარადგინა. 28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა.

რობინ დანიგენმა ფიცი ორი დღის წინ დადო.


რობინ დანიგენი 2 ივნისამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა.


დანიგენი 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგენი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო.

რობინ დანიგენი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. Europetime-მა ახალ ელჩთან დაკავშირებული დოსიე სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით შეკრიბა.


ასევე გაეცანით: