იენს სტოლტენბერგი: ისრაელი მარტო არ არის

NATO-ს მოკავშირეებმა ბრიუსელში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ სასტიკი ტერორისტული თავდასხმები დაგმეს.

ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა მინისტრებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიაწოდა ინფორმაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის და NATO-ს რამდენიმე მოკავშირე სახელმწიფოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ NATO ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გმობს და დასძინა, რომ „ისრაელი მარტო არ არის.“


„მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ისრაელს და ცხადყვეს, რომ უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი პროპორციულად ამ გაუმართლებელი ტერორისტული აქტების წინააღმდეგ. მათ მოუწოდეს „ჰამასს“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი. მოკავშირეებმა ასევე მკაფიოდ განაცხადეს, რომ არც ერთი ერი ან ორგანიზაცია არ უნდა შეეცადოს სიტუაციის გამოყენებას ან მის ესკალაციას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ „ჰამასის“ თავდასხმამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, რობ ბაუერი ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა. ორივე მხარემ განაცხადა, რომ NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ.