სტოლტენბერგი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთზე: არ გვაქვს ფუფუნება, ავირჩიოთ მხოლოდ ერთი გამოწვევა

ახლა უკვე ორი გამოწვევა - ომი უკრაინაში და ომი ახლო აღმოსავლეთში - ეს იყო საკითხები, რომლითაც დასავლური მედია NATO-ს გენერალური მდივნის პრესკონფერენციის დროს დაინტერესდა. ბრიუსელში თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ. მხარდაჭერა აღუთქვეს უკრაინას. 12 ოქტომბერს კი, ისრაელის თავდაცვის მინისტრისგან მოისმენენ, როგორ პასუხობს ისრაელი „ჰამასის“ თავდასხმებს. დასავლური მედია ხაზს უსვამს, რომ როგორც უკრაინის, ისე ისრაელის საჭიროება საჰაერო თავდაცვას უკავშირდება და საინტერესოა, როგორ აპირებს NATO, უპასუხოს ამ გამოწვევას. მოცემულ საკითხზე ესაუბრა სტოლტენბერგს 11 ოქტომბერს საერთაშორისო მედია.


„ჩვენ მოვისმინეთ გარანტიები ბოლო დღეებში, რომ არც შიდა დავა აშშ-ის კონგრესში, არც ომი, ან კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინელებს შორის არ იმოქმედებს უკრაინის მხარდაჭერაზე. რის საფუძველზე შეგიძლიათ, გასცეთ გარანტიები, განსაკუთრებით, ისრაელის შემთხვევაში? ისინი ითხოვენ საჰაერო თავდაცვას და საბრძოლო მასალას, რასაც ასევე ითხოვს უკრაინა,“ - მიმართა Reuters-ის ჟურნალისტმა სტოლტენბერგს.


„ქმედება უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე სიტყვები. რაც იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ ვამბობთ მკაფიოდ, რომ NATO-ს მოკავშირეები მზად არიან უკრაინის მხარდაჭერისთვის, არამედ, რეალურად მოკავშირეები აწვდიან უკრაინას მეტ მხარდაჭერას, მეტ საჰაერო თავდაცვას, F-16-ებს, საბრძოლო მასალას, მეტი წვრთნით უზრუნველყოფენ და სხვადასხვა სახის მხარდაჭერის პაკეტებს აწვდიან.


ამდენად, ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა, NATO-ს მინისტერიალის შეხვედრა და ასევე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მეტყველებს იმაზე, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინის გვერდით დგანან არამხოლოდ სიტყვით, არამედ, საქმითაც. ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად ვმოქმედებთ. და დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს მოკავშირეები გააგრძელებენ ამას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია უკრაინის გამარჯვება. მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. მათი ღირებულებები ჩვენი ღირებულებებია. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.


ეს იყო NATO-ს ყველა მოკავშირის გზავნილი ომის დაწყებიდან. და ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერით. რა თქმა უნდა, NATO-ს და NATO-ს მოკავშირეებს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ძალა, ერთდროულად გადავჭრათ სხვადასხვა გამოწვევა. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავირჩიოთ მხოლოდ ერთი გამოწვევა. NATO-ს მოკავშირეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისრაელს მიმართონ პრობლემის გადაჭრის შეთავაზებით. და როგორც მოგეხსენებათ, NATO-ს რამდენიმე მოკავშირემ გაუწია ისრაელს მხარდაჭერა, დაზვერვისა და ყველა სხვა სახის მხარდაჭერის მიმართულებით,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.


Sky News-ის შეკითხვას, რამდენად ფიქრობს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი შეიძლება, კიდევ უფრო ფართო ომში გადაიზარდოს და რა შეუძლიათ, გააკეთონ ალიანსის წევრებმა ამისთვის მოსამზადებლად? ასევე, აქვს თუ არა ისრაელს, NATO-ს სანდო პარტნიორს, უფლება, განახორციელოს სახმელეთო შეტევა ღაზაში? სტოლტენბერგმა ასე უპასუხა:

„ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება და მათ განიცადეს საშინელი ტერორისტული თავდასხმები გასულ შაბათ-კვირას. ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. და ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ამ ტიპის ტერორისტული თავდასხმებისგან. რა თქმა უნდა, როდესაც დავინახავთ ისრაელის პასუხებს, ველი, რომ ეს იქნება პროპორციული და მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს კონფლიქტი გრძელდება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან იყოს აცილებული მსხვერპლი უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაში,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება „ტერორისტულ თავდასხმასა“ და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები 263 000-მა ადამიანმა დატოვა. 11 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები 263 000-მა ადამიანმა დატოვა.