რა დოკუმენტები გაფორმდა უნგრეთსა და საქართველოს შორის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის სხდომის დასასრულს მხარეებს შორის ხელი მოეწერა ათ დოკუმენტს, მათ შორის „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივ დეკლარაციას”. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა − ირაკლი ღარიბაშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა − ვიქტორ ორბანმა მოაწერა.
 
გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის.
 
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა − მარტონ ნოჯიმ.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, აგრეთვე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტებს ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა − ლაშა ხუციშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტებს ხელი უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა − მიჰაი ვარგამ მოაწერა.

  
ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა −  ჯუანშერ ბურჭულაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა − კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკიმ. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს შორის მართლმსაჯულების სფეროში 2024-2025 წლების პერიოდისათვის თანამშრომლობის სამუშაო გეგმას.

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა −  რატი ბრეგაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა − ბენცე ტუჟონმა მოაწერა. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა − გიორგი ამილახვარმა.

უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა − შანდორ პინტერმა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრმა − იანოშ ჩაკიმ მოაწერეს.
 
ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2024-2026 წლებისთვის „STIPENDIUM HUNGARICUM“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
 
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა − გიორგი ამილახვარმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა − პიტერ სიიარტომ მოაწერა.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის მწვანე, მდგრადი და სოციალურად ინკლუზიური ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
 
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა − ირაკლი ქარსელაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა − პიტერ სიიარტომ მოაწერა. ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
 
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა − ირაკლი ქარსელაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა − ჩაბა ლანტოშმა მოაწერა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურულ სფეროში თანამშრომლობის პროგრამები აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, უნგრეთი, „მწვანე დერეფანი“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ორბანის შეფასებით, ევროკავშირისთვის ეს უზარმაზარია პროექტია, რომელიც მრავალი წლების განმავლობაში მომავალში ეკონომიკური ზრდის წყარო იქნება ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის.

ორბანის თქმით, ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე „ჩვენ ვერ მოვახდენთ ენერგოსისტემის, ეკონომიკის მოდერნიზებას.“

„მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით, ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, ვინც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით. ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს თუ რასაც ვამბობთ, მართალია, რომ ეს არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი. თუ ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რაც მოხდა, არის საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე. ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვერ მოვახდენთ მოდერნიზებას ენერგოსისტემის, ეკონომიკის თქვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ამიტომაც ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის პროგრამები, აზერბაიჯანი, საქართველო, უნგრეთი, რუმინეთი, მწვანე დერეფანი გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ევროკავშირისთვის ეს გახლავთ უზარმაზარი პროექტი, რომელზეც ვლაპარაკობთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მომავალში იქნება ეკონომიკური ზრდის წყარო ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ორბანმა.


მან საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ მთელ რიგ ორმხრივ შეთანხმებებს, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული იდეები ეკონომიკური თანამშრომლობის, სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსებით მართვის, ფარმაცევტულ-ფისკალურ ინდუსტრიაში. ჩვენ გვაქვს ფლაგმანი ინიციატივები უნგრულ კომპანიებთან, საავიაციო კომპანიებთან, რომლებიც არიან ბაზრის ლიდერები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ასევე გზას უკვალავენ სხვა კომპანიებს. ჩვენ, 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ უნგრეთში ჩამოვიდნენ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მათი მიღება, მაგრამ ეს არის ინვესტიცია საქართველოში.

პრემიერმა განაცხადა, რომ მეგობრობისთვის ორივე ქვეყნისთვის ღრმა საფუძველი გახლავთ ერთიანი, ქრისტიანული ტრადიცია. არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში. ვთვლი, რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების. ჩვენ მივესალმებით, თუ ქვეყნები გადაწყვეტენ დაუახლოვდნენ ევროკავშირს, რომელიც ამ მემკვიდრეობაზე დგანან. ჩვენ კარგი განზრახვით მოვედით, ჩვენ გვინდა ერთად შევქმნათ ძლიერი ევროპა. გვინდა, უახლოეს მომავალში დავინახოთ, რომ ორი კავშირი, 2 ქვეყანა ეკუთვნის ერთსა და იმავე პოლიტიკურ კავშირს, ევროკავშირს. ღმერთმა დალოცოს საქართველო,“ - აღნიშნა ორბანმა.


2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.

ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს.