ომის დასაწყისიდან მის პირველ საჯარო გამოსვლაში ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა აღიარა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ჩავარდნები იყო, რამაც „ჰამასს“ კვირას ინფილტრაციისა და მასობრივი მკვლელობების განხორციელების საშუალება მისცა.
ჰერზი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს შესაძლებელს გააკეთებს „ჰამასისა" და სხვა დაჯგუფებების მიერ გატაცებული მძევლების დასაბრუნებლად.
“ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის მოქალაქეებზე და კვირას დილით ღაზას სექტორთან მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით. ვისწავლით, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა,” - განაცხადა ჰალევიმ.
„ხუთი დღე გავიდა ამ სისხლიანი, სასტიკი და მოულოდნელი ინციდენტის შემდეგ. „ჰამასის“ სისხლიანი ტერორისტების, ადამიანური ცხოველების მიერ ჩვენი შვილების, ჩვენი მეუღლეებისა და ჩვენი ხალხის ხოცვა-ჟლეტა ცხოველურია, არაადამიანურია. ისრაელის თავდაცვის ძალები დაუნდობელ ტერორისტებს ებრძვის, რომლებმაც წარმოუდგენელი ქმედებები ჩაიდინეს”, - განაცხადა ჰალევიმ.
მან აღნიშნა, რომ “ღაზა არ იქნება იგივე.”
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.