„ზოგი საქორწინო მოგზაურობაში იყო, ზოგიერთი საზღვარგარეთ სწავლობდა, ბევრი ახალ ცხოვრებას ქმნიდა უცხო ქვეყნებში, მაგრამ როდესაც ისრაელმა გამოიძახა თავისი რეზერვისტები და ომი გამოაცხადა, პასუხი იყო სწრაფი და აბსოლუტური,“ ასე იწყებს სტატიას Reuters-ი და წერს, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა 360 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ რეზერვისტების უმეტესობა უკვე იმყოფებოდა ისრაელში გაწვევის დროს - ეს არის ყველაზე დიდი ასეთი სავალდებულო მობილიზაცია 1973 წლის იომ ქიფურის ომის შემდეგ. ბევრი ადამიანი ქვეყნიდან სხვადასხვა მიზეზის გამო იყო წასული, თუმცა მიატოვეს ყველაფერი, რათა უკან დაბრუნებულიყვნენ.
„ყველა მოდის. არავინ ამბობს უარს," - ამბობს 24 წლის იონატან შტაინერი, რომელიც ნიუ-იორკიდან დაბრუნდა.
23 წლის 23 წლის ნიმროდ ნედანმა, რომელიც ლიეტუვაში მედიცინას სწავლობდა, განაცხადა, რომ მეგობრები და ნათესავები დაეღუპნენ ან დაიკარგნენ „ჰამასის“ მოულოდნელი თავდასხმის შედეგად, რამაც მას მოქმედებისკენ უბიძგა.
„არ შემიძლია, უმოქმედოდ ვიჯდე და მედიცინა ვისწავლო, მაშინ, როცა ვიცი, რომ ჩემი მეგობრები იბრძვიან და ჩემი ოჯახი დასაცავია," - ამბობს ნიმროდ ნედანი.
სამხედრო სამსახური ისრაელში სავალდებულოა 18 წლის ასაკს მიღწეული ყველა ადამიანისთვის. კაცები 32 თვიან, ქალები კი - 24-თვიან სავალდებულო სამხედრო წვრთნებს გადიან.
ამის შემდეგ 40 წლის ასაკამდე ადამიანთა უმეტესობა ისრაელის აქტიურ რეზერვში ირიცხება. ომის დროს ისინი რეგულარული ჯარების გვერდით იბრძვიან.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.