რაზე შეთანხმდნენ ეგვიპტე, ისრაელი და აშშ

ეგვიპტე, ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები რაფაჰის გადასასვლელის გავლით ეგვიპტეში შესვლას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკელი ოფიციალური პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადასასვლელი ადგილობრივი დროით 12 საათიდან 17 საათამდე იქნება ღია.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მისცემს თუ არა „ჰამასი“ ამერიკელებს ღაზის დატოვების უფლებას.

თავის მხრივ, AP-ის ცნობით, ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეგვიპტე, ისრაელი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფ უცხოელებს რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, ღაზა დაატოვებინონ. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ ისრაელიც და პალესტინის მებრძოლი ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ ხსენებული პირების გამოსვლას.


ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ.

„ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN.

გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც.


უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს."

„ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.

 გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს.


7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.