აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტ, მაჰმუმ აბასთან სატელეფონო საუბრები გამართა.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ისრაელისადმი აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობას პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
ერთი კვირის წინ, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან პირველი საუბრისას, ბაიდენმა აბასს პალესტინელი ხალხისთვის, განსაკუთრებით ღაზაში სასწრაფოდ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, სრული მხარდაჭერა შესთავაზა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა დეტალურად აღწერა აშშ-ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პარტნიორებთან კოორდინაციისთვის, რათა კონფლიქტის გაფართოება აიცილონ თავიდან. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა დასავლეთ სანაპიროზე და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობის საკითხები,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრმა სახლის ცნობით, ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას, რომელსაც ის რეგულარულად ესაუბრება თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
ბაიდენი ისრაელის ლიდერს ასევე ესაუბრა შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის შესახებ და გაიმეორა მისი გაფრთხილება კონფლიქტის გაფართოების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ.
ბაიდენმა ასევე განიხილა შეერთებული შტატების კოორდინაცია გაეროსთან და რეგიონის ქვეყნებთან მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ.
ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. ისრაელმა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პალესტინელებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაცია 24 საათში, გაერომ და სხვა საერთაშორისო აქტორებმა შეუძლებლად მიიჩნიეს და ისრაელი გააკრიტიკეს. დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ძირითადი სამხედრო ოპერაციები ღაზაში მაშინ დაიწყება, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიას დატოვებენ.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.