საკონსტიტუციო განხილვების დროს სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი, ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ტენდენციურს უწოდებს სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა არის ტენდენციური.
როგორც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებსა და ტერმინებში.
„დღეს, გამოქვეყნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა იმპიჩმენტთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა კონკრეტულ სადავო გარემოებებთან მიმართებით და კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტთან მიმართებით. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას, ბუნებრივია, დასკვნის დეტალური წაკითხვა ვერ მოხერხდა დროის სიმცირის გამო, თუმცა გადავხედეთ ძირითად გარემოებებს, ძირითად დასაბუთებებს დასკვნა არის ტენდენციური, მინდა ეს პირდაპირ ვთქვა, რომ ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად ერთო-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში.
მხოლოდ,უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით და პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად, აბსოლუტურად ყველა საკითხში ყველა მიმართულებით მოაქცია 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტში. საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, ვთქვათ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის ა-ქვე პუნქტის მიღმა და აქვს თუ არა საერთოდ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში, მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, თუმცა თუ გადახედავთ ამ დასაბუთებას აშკარად დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძირითად არგუმენტებს მაინც აკეთებს ხედვაზე - იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი,რომ შესაძლოა პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
პრეზიდენტს მაია კოპალეიშვილთან ერთად წარმოადგენდა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, რომელთან ერთადაც ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ჩუგოშვილის შეფასებით, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა თავისი ქმედებით ხელი შეუშალა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, პირიქით, მას უწყობენ იმპიჩმენტს იმის გამო, რომ იგი აკეთებდა ყველაფერს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა ქვეყანას დახმარებოდა სტატუსის მიღებაში.
ჩუგოშვილის თქმით, ეს არის ძალიან მკაფიო და ვერ გააბათილა პარლამენტმა სასამართლოს სხდომებზე.
„საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პოროცედურას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის სამი შეხვედრა – 31 აგვისტოს შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტთან, პირველი სექტემბერის შესხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 6 სექტემბერის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან. თავიდან უმრავლესობის წევრები ამტკიცებდნენ, თითქოს შეხვედრებზე გაჟღერდა რაღაც ისეთი, რაც ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციას და სტატუსის მინიჭების საკითხს.
სასამართლოს განხილვამ აჩვენა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამას გაამყარებდა. პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით ხელი შეუშალა სტატუსის მინიჭების საკითხს. პირიქით, თავად დასკვნასაც თუ გადავხედავთ, ცდილობს სასამართლო თავიდან აირიდოს ეს საკითხი, რადგან ძალიან მკაფიოდ, ძალიან ნათლად და აშკარად არის დადასტურებული, რომ პრეზიდენტის ეს შეხვედრები, ისევე როგორც ყველა სხვა ქმედება შეეხებოდა და ამ შეხვედრების შინაარსიც იყო ევროპის წამყვანი ლიდერებისთვის თხოვნა მხარდაჭერისა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.
საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ, როგორც ამბობენ, პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენონ თანამდებობიდან იმის გამო, რომ იგი ევროპელ ლიდერებს სთხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ძალიან ვცადეთ და გვინდოდა, საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივ ჭრილში დარჩენილიყო, ის არ გამხდარიყო პოლიტიკური მხარე, სამართლებრივი კუთხით ემსჯელა სხვადასხვა საკითხზე.
სხვათაშორის, დღესაც სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი არ გამოცხადდა განხილვებზე. არ გამოცხადდა კი არა, პრეზიდენტი წარმოდგენილი იყო წარმომადგენლების, ჩვენ მიერ ზუსტად იმიტომ, რომ სასამართლო განხილვა ყოფილიყო სამართლებრივი განხილვის და არა პოლიტიკური ჭიდაობის, თუ კინკლაობის სივრცე. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი იქ ყოფნა. სამწუხაროდ, სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მხარე გამხდარიყო.
როცა ვკითხულობთ დასკვნას, ძალიან მიმყარდება ეს სამწუხარო განცდა, რომელიც გამიჩნდა განხილვების დროს. პირველი წუთიდან, როგორც კი სხდომა დაიწყო, სრულიად გასაგები გახდა, სად იდგნენ მოსამართლეების უმრავლესობა. დიდი მადლობა რამდენიმე მოსამართლეს, რომელმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. განსხვავებული აზრების არსებობა ამ საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა არ არის ერთსულოვანი სასამართლოს მხრიდან,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის შეფასებით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება სერიოზულად დამაზიანებელია საქართველოს დასავლური კურსისთვის.
„ახლა ალბათ სამართლებრივ მსჯელობას არანაირი აზრი არ აქვს, საკითხი უკვე გადავიდა პოლიტიკურ ველზე, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სამართლებრივი ნაწილი არის დასრულებული, თუ შეიძლება, ერქვას, რომ ამ საქმეს საერთოდ სამართლებრივი ჰქონდა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, საერთოდ ამ საქმის სასამართლომდე მიტანა, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება, უკვე ძალიან დიდი დოზით, სერიოზულად დამაზიანებელია საქართველოს დასავლური კურსისთვის, ევროინტეგრაციის პროცესისთვის, უკიდურესად დამაზიანებელია სტატუსის მინიჭების შანსებისთვის თვითონ ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ვიმყოფებით. ეს არის სამწუხარო რეალობა.
როგორ დასრულდება პარლამენტში, ეს გამოჩნდება, მაგრამ თუ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ იმპიჩმენტის საკითხის დაწყებამ, წამოწყებამ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანამ და ასე შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვხია უკან, უახლოეს თვეებში სტატუსის მიღების შესაძლებლობა დაგვაკარგვინა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ამ შედეგზე პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოც და ის ამას ვერ გაექცევა,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.