WP: აშშ ვენესეულის ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს, სანაცვლოდ, ვენესუელა არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობით ჩაატარებს

The Washington Post-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვენესულის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციები შეთანხმდნენ, რომ აშშ ვენესეულის ნავთობზე სანქციებს შეამსუბუქებს და ვენესუელა მომავალ წელს არჩევნებს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩაატარებს.


ამერიკული გამოცემა ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დარყდნობით წერს.

შეთანხმების ფარგლებში აშშ ვენესუელას დროით ლიმიტს დაუწესებს. შეთანხმება არ მოიცავს ვენესუელის გაყინული აქტივების გათავისუფლების საკითხს. შეთანხმების პირობების გათვალისწინებით, მადურო ვალდებული იქნება, რომ მომავალ წელს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას და მედიის ხელმისაწვდომობა არ შეზღუდოს.

ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ვაშინგტონმა ვენესუელას სანქციები დაუწესა. 

REUTERS-ი გასული წლის ივნისში წერდა, რომ აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ ვენესუელის ნედლი ნავთობი ევროპას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარებოდა.

გასული წლის მაისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებდა.