პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაზე სამი მოსამართლის - ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა.
მათი შეფასებით, არსებითად არასწორია საქართველოს პრეზიდენტის როლის დაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მექანიკურ აღმსრულებლამდე. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, პოლიტიკურად მიუკერძოებელ, და ამავე დროს, ფორმალურად უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელსაც კონსტიტუცია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის როლს ანიჭებს, იმავდროულად აქვს ვალდებულება, იმოქმედოს და ხელი შეუწყოს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევას. „ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ფუნქცია უნდა განახორციელოს სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციებში შეჭრის გარეშე," - აღნიშნულია გამოქვეყნებულ დოკუმენტში. მისივე თანახმად, მთავრობა არ წარმოადგენს ერთადერთ ორგანოს, რომელიც საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედებით საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დაზიანდა.
„მივიჩნევთ, რომ ჩვენმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე, პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციით იმპიჩმენტის საფუძვლად მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევის ფაქტობრივად ფორმალურ, ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით დაკნინდა ამ პროცესში სასამართლო კონტროლის მნიშვნელობა. თითოეულ ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებით წარმოვადგენთ ჩვენს პოზიციას,“ - ნათქვამია დოკუმენტში.
„სადავო ვიზიტებთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. ამავე დროს, საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაახმოვანა გზავნილები, რომლებიც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოა ან/და ისაუბრა საკითხებზე, რომლებიც რამენაირად გასცდა მის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ცერემონიულ როლს, ან/და განახორციელა ისეთი ქმედება, რომელმაც საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დააზიანა.
34. განხორციელებული ვიზიტების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის საუბრის შინაარსთან დაკავშირებით ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა, არის თავად საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლების განმარტება. აღნიშნული განმარტების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საუბრობდა იმ „სასაუბროების“ შესაბამისად, რომელიც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მიწოდებული აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. არც საქართველოს მთავრობა და არც კონსტიტუციური წარდგინების ავტორები არ მიუთითებენ, რომ მათ არ სურდათ რომელიმე გზავნილის შეხვედრის ადრესატამდე მიტანა ან/და ზოგადად, რომელიმე შეხვედრა იყო თუ არა საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით მთავრობის შერჩეული სტრატეგიის საწინააღმდეგო.
35. ვთვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის შესახებ. უფრო მეტიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არც კი მიუთითებენ, რომ ხსენებულმა სამმა ვიზიტმა ან მის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა რომელიმე ქმედებამ საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესი დააზიანა ან/და განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგო იყო. საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები მიუთითებდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული სხვა ვიზიტების შესაძლო უარყოფითი პოლიტიკური შედეგების შესახებ, რომელიც იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი არ გამხდარა. თუმცა, კონკრეტულად სადავო სამ ვიზიტთან მიმართებით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოს კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ვინაიდან არ იცნობენ საუბრის შინაარსს, ვერ მიუთითებენ, რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებმა.
36. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედებით საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დაზიანდა. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის მიცემა, ფაქტობრივად, იმ მოტივით ხდება, რომ მან შეიძლება მომავალში საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელებას შეუშალოს ხელი. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს უქმნის პოლიტიკურ ხედვებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის დარღვევის მოტივით, შესაძლოა, გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან „არ ენდობიან“ მას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არ ითვალისწინებს ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვის გამო. იმპიჩმენტის ინიციატორებმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეაგირება უნდა მოახდინონ უკვე მომხდარ ფაქტებზე და საქართველოს პრეზიდენტის ქმედება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შეაფასონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გასცდება უფლებამოსილების ფარგლებს, უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებისას ხელყოფს მთავრობის ან სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციას, ან/და საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სხვა ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად არ გამოკვეთილა რომელიმე ზემოხსენებული შემთხვევის არსებობა.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ სადავო ვიზიტების განხორციელებით საქართველოს პრეზიდენტი გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს ან/და საკუთარი მოქმედებით ხელი შეუშალა საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედების დადგენის საფუძველს,“ წერია დოკუმენტში.
- პრეზიდენტის იმპიჩმენტი: რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში
- საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა