გერმანიის ელჩი: ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ჩვენ გვიახლოვდებიან

გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეფასებით, ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ბლოკს უახლოვდებიან. ელჩი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა დასახმარებლად.

მისივე თქმით, დეკემბრის შუა რიცხვებში ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„საბჭოში 27 სახელმწიფოს მეთაურია და სწორედ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება კი, მათ ერთსულოვნად უნდა მიიღონ, ყველა მათგანმა უნდა თქვას დიახ, მე საქართველოს კანდიდატის სტატუსს მხარს ვუჭერ.

ნოემბრის დასაწყისში ევროკომისია წარადგენს ანგარიშს, რომელშიც ნათქვამი იქნება ის, თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს, კონკრეტულად 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. სწორედ ეს ანგარიში იქნება 27 სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ჩემი სურვილია, რომ რაც შეიძლება მშვიდად მივიდეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე. მაგრამ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ჩვენ გვიახლოვდებიან. ასე რომ, ეს საქმე საქართველომ უნდა გააკეთოს. ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად. იმედი მაქვს, რომ პასუხი იქნება - დიახ,“ - განაცხადა პეტერ ფიშერმა მედიასთან.


ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.

  • უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი.

სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.