ჩინეთი „სარტყელი და გზის ინიციატივის მხარდასაჭერად, მრავალგანზომილებიან დაკავშირებადობის ქსელს შექმნის.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა 18 ოქტომბერს, პეკინში, საერთაშორისო თანამშრომლობის მესამე ფორუმის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სი ძინპინის ერთ-ერთი ინიციატივა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარებაში ჩინეთის აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, რომელიც ასევე ჩინეთში იმყოფება, ღონისძიების გახსნისას განაცხადა, რომ ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების შესახებ ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ორი სამთავრობათაშორისო შეთანხმება გაფორმდა.
ყასიმ ჟომართ თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი მზადაა, გახდეს საიმედო ჰაბი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიებისთვის, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ სატრანსპორტო მომსახურებას როგორც მგზავრებისთვის, ასევე, ტვირთისთვის.
ყაზახეთის პრეზიდენტის შეფასებით, შუა დერეფანს შეუძლია, ჩინეთიდან ევროპაში ტრანსპორტირების დრო გაანახევროს.
„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი მრავალი სახელმწიფოსთვის თანამშრომლობის პროექტად ჩამოყალიბდა. ეს სატრანსპორტო არტერია, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას, შეიძლება, გახდეს „ერთი სარტყელისა და ერთი გზის ინიციატივის“ ერთგვარი კონტინენტური ხიდი, რომელიც გაანახევრებს ტვირთის გადაზიდვის დროს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს,“ - განაცხადა თოყაევმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.
TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.
ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.