ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა.
მისი მიხედვით, „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო.“
კერძოდ, რეკომენდაციების ნაწილში საუბარია:
- საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირს მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კერძოდ, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ;
- წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებებისა და არარეგულარული ყოფნის საკითხის მოგვარებაში ქმედებების გააქტიურება;
- საიმიგრაციო კონტრაბანდასთან დაკავშირებული EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმის აქტივობებში ჩართვა და სხვა.
- „აქტივების აღდგენის ოფისისა" და "აქტივების მართვის ოფისის" შექმნა.
- ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, მათი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსების უზრუნველყოფა და მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიება, დევნა და სასამართლო განხილვისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა;
- უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებდნენ.
ამავე ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განაცხადების რაოდენობა 81%-ით გაიზარდა.
ევროკომისიის ანგარიშში წერია, რომ 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 26 450 განაცხადი შეიტანეს, რაც 81%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს (14 635 განაცხადი).
2022 წელს ამ განაცხადებზე დადებითი გადაწყვეტილებების, ანუ აღიარების დონეც, გაიზარდა 5%-დან (2021 წელს) 7%-მდე (2022 წელს).
ევროკომისიის ინფორმაციით, 2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს მიერ საზღვრის არარეგულარული კვეთის 25 შემთხვევა დაფიქსირდა.
ასევე, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში არარეგულარულად დარჩენის შემთხვევის რაოდენობა 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით - 21 910 ადამიანი 2022 წელს და 11 695 ადამიანი 2021 წელს.
31%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უარების რაოდენობაც, კერძოდ: 3 970 უარი - 2022 წელს, ხოლო 3 030 უარი - 2021 წელს.
ასევე 50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ გაცემული გადაწყვეტილებების რაოდენობაც, კერძოდ: : 16 275 გადაწყვეტილება - 2022 წელს, ხოლო 10 820 გადაწყვეტილება - 2021 წელს.