ეგვიპტე დღეს, 21 ოქტომბერს მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მთავარი თემა ღაზაში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული კონფლიქტი იქნება და სამიტის მიზანს ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს.
Reuters-ის ცნობით, კაიროს სამშვიდობო სამიტზე დამსწრეთა მოსალოდნელი სია ასეთი:
პალესტინის პრეზიდენტი, იორდანიის მეფე, ბაჰრეინის მეფე, კატარის ემირი, ქუვეითის მეფისნაცვალი, ერაყის პრემიერ-მინისტრი, იტალიის, ნორვეგიის, ესპანეთისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრები, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის ლიდერები შარლ მიშელი და ჯოზეფ ბორელი, გაეროს გენერალური მდივანი, კვიპროსის პრეზიდენტი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, ასევე - ჩინეთის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი.
აღსანიშნავია, რომ დამსწრეთა სიაში არ არიან ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს, დილის 10 საათზე გაიხსნება.
„თუ საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არ ვიცით ის, თუ რამდენ ხანს დარჩება ღია უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო.
საელჩო უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ორივე მხარეს შეიძლება ქაოტური და მოუწესრიგებელი სიტუაცია შეიქმნას და ამიტომ, მოქალაქეებმა თავად უნდა შეაფასონ სიტუაცია.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.