ლავროვი ირანში ჩადის

ხვალ, 23 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირანში ჩავა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, თუმცა რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები, ჯერჯერობით უცნობია.


„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი," - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს თეირანში შეხვდებოდნენ, სადაც მოლაპარაკებები „3+3“ ფორმატში გაიმართება. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ სერგეი ლავროვი თეირანში ამ შეხვედრისთვის გაემგზავრება.


10 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას, "3+3" ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეგიონული პრობლემები რეგიონის ქვეყნის მონაწილეობით გადაიჭრას.

ირანის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 3+3 შეხვედრა ორშაბათს თეირანში დაიწყება აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.

ჩვენ მივიღეთ მოწვევა ირანული მხარისგან. ამ წუთებში მიმდინარეობს დისკუსია ჩვენს კოლეგებთან ირანში და როცა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას გამოვაცხადებთ,“ - განუცხადა მედიას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა 20 ოქტომბერს.


მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.

გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა.